მაია ბითაძე გადადგომის თაობაზე კირ სტარმერის განცხადებაზე: ეს არის მაგალითი თუ როგორ ასრულებს პოლიტიკურ კარიერას ადამიანი, რომელიც გარე დაკვეთებს ასრულებს
ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი თუ როგორ ასრულებს პოლიტიკურ კარიერას ადამიანი, რომელიც არა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ გარე დაკვეთებს ასრულებს“, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 6 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, ქვეყანაში არსებულ დიდ კრიზისზე მიუთითებს.
„ჩვენ თუ ფართო მასშტაბით გადავავლებთ იმ პოლიტიკური ვითარებას თვალს, რაც დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში, ერთი რამ ძალიან მარტივად იკვეთება, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში 6 პრემიერი შეიცვალა ბრიტანეთმა, რაც მიუთითებს საკმაოდ დიდ პოლიტიკური კრიზისზე.
რაც შეეხება სტარმერს, ის ძალიან ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება დატოვოს თანამდებობა ქვეყნის ხელმძღვანელმა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მართული იყო გარე ძალების მხრიდან და არ ატარებდა იმ ინტერესებს, რაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჰქონდათ. ძალიან დრამატული ვარდნაა რეიტინგისა, მათ შორის „ლეიბორისტული პარტიისა“ და გარკვეული შეუთავსებლობა და პოლიტიკური კრიზისია. ამაზე საუბრობდნენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები დიდ ბრიტანეთში ბოლო პერიოდში.
თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გალაშქრებად შეიძლება იწოდოს ის გადაწყვეტილება, რაც ქართული ტელეკომპანიების დასანქცირებასთან იყო დაკავშირებული. რომ არაფერი ვთქვათ ამ გადაწყვეტილების უსამართლობასა და დაუსაბუთებლობაზე, ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა და პრაქტიკულად თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის უპრეცედენტო მაგალითი იმ ქვეყნის ლიდერის მხრიდან, რომლის რეიტინგი კრიტიკულად არის დაცემული და დიდი კრიზისია დიდ ბრიტანეთში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
კითხვაზე: შესაძლოა თუ არა კირ სტარმერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, შეიცვალოს საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა, მაია ბითაძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ღია დიალოგისთვის თუმცა მთავარი დათქმით, რომ დაცული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მან მოსახლეობას პრემიერის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე მიმართა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტსაც ტოვებს.