შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოსაცდელებს შეუძლიათ საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით გადაამოწმონ, დაკმაყოფილდა თუ არა მათი მოთხოვნა.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად 300-ზე მეტი აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნას. ამ მიზნით, ცენტრი ბეჭდავს ტესტებს ბრაილისა და გაზრდილი შრიფტით. ასევე გამოიყენება სპეციალური ხმოვანი პროგრამა, ეწყობა გამოსაცდელთა საჭიროებებზე მორგებული სივრცე, იზრდება საგამოცდო დრო და ხორციელდება სხვა მხარდამჭერი ღონისძიებები.
უცხოური ენის მოსმენის ნაწილისთვის ცენტრი აპლიკანტებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვან საგამოცდო პრაქტიკაში დანერგილ ალტერნატიულ შესაძლებლობებს. მათ შორისაა: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით), ხმის გამაძლიერებელთან ახლოს განთავსება, ყურსასმენის გამოყენება, პირადი სმენის აპარატის გამოყენება და დამატებითი დროით სარგებლობა.
გამოსაცდელთა მოთხოვნებს ინდივიდუალურად განიხილავს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. გადაწყვეტილება მიიღება გამოსაცდელების მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.