ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე: ეს იყო საშუალოდ შესრულებული პოლიტიკური შოუ, რომლის მიზანიც იყო ერთადერთი - პოლიტიკური ხმაურის შექმნა, რაღაც განწყობების გაჩენა და საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის დაზიანება. რეზოლუციებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დებატებს, რომელიც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში თითქმის, ცარიელ დარბაზში გაიმართა, საშუალოდ შესრულებული პოლიტიკური შოუ უწოდა. მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ დაკვეთების შემსრულებელი იყო და ამიტომ ცდილობენ მის დახსნას ქართული მართლმსაჯულებისგან.
„საზოგადოებამ ნამდვილად მოისმინა იგივე ტექსტები, იგივე უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოება. ეს იყო საშუალოდ შესრულებული პოლიტიკური შოუ, რომლის მიზანიც იყო ერთადერთი - მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხმაურის შექმნა, რაღაც განწყობების გაჩენა და საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის დაზიანება. ინსტიტუციურადაც და სამართლებრივადაც ამ რეზოლუციებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. მათთვის მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი შემსრულებელი, რასაც დაუკვეთდნენ, იმას ასრულებდა. ბუნებრივია, ისინი ცდილობენ საკუთარი აგენტის გადარჩენას და ქართული მართლმსაჯულებიდან გახსნას“, - განაცხადა მახაშვილმა.
საქართველოს საკითხზე დებატები ევროპარლამენტში, ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში გაიმართა. ევროპარლამენტართა ნაწილი ისევ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს, მოთხოვნათა ჩამონათვალშია სანქცია ხელისუფლების მიმართ.