მედია: კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით დასჯას გადაურჩა, დადის და საკვებს დამოუკიდებლად იღებს

მედია: კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით დასჯას გადაურჩა, დადის და საკვებს დამოუკიდებლად იღებს

კრისტა პაიკმა, რომელიც ტენესის შტატში სასიკვდილო ინიექციით სიკვდილით დასჯის წარუმატებელ მცდელობას გადაურჩა, საავადმყოფოში სიარული და საკვების მიღება კვლავ დაიწყო. ინფორმაციას ამერიკული მედია მის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

50 წლის პაიკი პენტობარბიტალის ორი დოზის მიღების შემდეგაც გადარჩა. შტატმა მისი სიკვდილით დასჯა რვა დღის წინ სცადა, 1995 წელს თანაკურსელის კოლინ სლემერის ცემისა და დანით სასიკვდილოდ დაჭრის გამო. ადვოკატების ინფორმაციით, პრეპარატმა პაიკი ვერ მოკლა, თუმცა მას ხელებზე დამწვრობა და შეშუპება გაუჩნდა.

საავადმყოფოში მოთავსებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში პაიკი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

ადვოკატების განცხადებით, ოთხშაბათს პაიკმა პირველი ნაბიჯები გადადგა, თუმცა მისი გადაადგილების შესაძლებლობა შეზღუდული იყო. ხუთშაბათს სიარულისას მას დახმარება სჭირდებოდა. პაიკი ხელების მოძრაობის უნარსაც თანდათან იბრუნებს და პირველად შეძლო საკვების მიღება.

ამასთან, ადვოკატები ამბობენ, რომ გაურკვეველია, როგორ წარიმართება მისი ფიზიკური რეაბილიტაცია გრძელვადიან პერსპექტივაში და რა გავლენას მოახდენს სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობა მის სამართლებრივ მდგომარეობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სახეზეა, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი კითხვები იმ ხანგრძლივ შედეგებთან დაკავშირებით, რომლებიც მან გადაიტანა. „კრისტა მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას განიცდის იმის გამო, რომ სიკვდილით დასჯის წარუმატებელ მცდელობას გადაურჩა. მან გადაიტანა შიში, ტკივილი და გაურკვევლობა, რადგან სჯეროდა, რომ სიკვდილის პირას იყო“, - ნათქვამია ადვოკატების ხუთშაბათის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, პაიკ გონს სამშაბათს მოვიდა და გაღვიძების შემდეგ საუბარიც შეძლო.

ჯერჯერობით უცნობია, შეეცდება თუ არა ტენესის შტატში პაიკის სიკვდილით დასჯას ხელახლა. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „რესპუბლიკელ“ გუბერნატორ ბილ ლის სასჯელის უვადო პატიმრობით, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე, შეცვლას სთხოვენ, წერს მედია.

„მას სიკვდილით დასჯის კიდევ ერთი მცდელობის გადატანა აღარ უნდა მოუწიოს“, - ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.