სპორტის მინისტრი ქალაქ კასპსა და ქალაქ გორში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქებში - კასპსა და გორში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებისა და მწვრთნელებისგან მოისმინა მათი საჭიროების შესახებ. ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით უზრუნველყოფის გარკვეული საკითხები დაუყოვნებლივ გადაიჭრა და უახლოესი დღეების განმავლობაში სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო ინვენტარი და სპორტული ეკიპირება გადაეცემათ.
შეხვედრებზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებსა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.
სპორტის მინისტრთან ერთად ქალაქებში - კასპსა და გორში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.