ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინენეს ხელმძღვანელობით გადადგა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობამ დღეს ბოლო სხდომა ჩაატარა, რომელზეც დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„ნამდვილად მახარებს ის გუნდი, რომელიც ახლა ამ მაგიდასთან არის წარმოდგენილი. ყველა სირთულის მიუხედავად, სიამაყის საფუძველი გვაქვს. თითოეულმა თქვენგანმა ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობაში და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში დიდი წვლილი შეიტანა“, - განაცხადა რუგინენემ მთავრობის ბოლო სხდომაზე.

მან მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

მედიის ცნობით, გადადგომის მთავარი მიზეზი მმართველ კოალიციაში შექმნილი პრობლემები გახდა.

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის გადადგომის შემდეგ ლიეტუვის პრეზიდენტს აქვს 15-დღიანი ვადა, რათა პარლამენტს პრემიერობის ახალი კანდიდატი წარუდგინოს. ხოლო მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ პრემიერს დაამტკიცებს, მთავრობის თავმჯდომარეს 15-დღიანი ვადა ექნება, რათა მთავრობის ახალი წევრები წარადგინოს.