გიორგი ჩაკვეტაძე ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „საქპატენტის“ ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება გაამახვილა სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნისა და კომპეტენციების გაღრმავების მიმართულებით, ასევე მის როლზე ქუთაისის განათლების, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში.
„თანამედროვე დროში ტექნოლოგიები უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება. საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ფონზე, ინოვაციების წახალისება და მათი სამართლებრივი დაცვა ქვეყნის წინსვლის განმსაზღვრელი ფაქტორებია. ცოდნა, ინოვაცია და ინტელექტუალური საკუთრება ერთმანეთისგან განუყოფელია და სწორედ ამას ემსახურება საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი.
ცენტრის განთავსება ტექნოლოგიურ ჰაბში შემთხვევითი არ არის: ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ტექნოლოგიურ გარემოსთან. ეს ჰაბი მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და მეწარმეობას აერთიანებს, ხოლო სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს, რომ აქ შექმნილი ცოდნა და გამოგონებები სათანადოდ იყოს დაცული. სწორედ ასე ყალიბდება ინოვაციური მიდგომები და სექტორებს შორის თანამშრომლობა.
მჯერა, ეს თანამედროვე სივრცე მეცნიერებს, მკვლევრებს, გამომგონებლებსა და მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს. დარწმუნებული ვარ, აქ შეიქმნება ცოდნა, რომელიც დაცული იქნება და იდეები, რომლებიც განვითარების საფუძველი გახდება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ილია შამუგიამ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.
ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში გაიხსნა. ცენტრის ინფრასტრუქტურა მოიცავს აუდიტორიებს, არქივს, ბიბლიოთეკას, საგამომცემლო-პოლიგრაფიულ ბაზას და სპეციალურ საგამოცდო სივრცეს.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.