ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ რუგენაათს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმოიხილეს მხარეთა შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები.
„საუბარი შეეხო ენერგეტიკის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის და წყლის სექტორის მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
ხაზი გაესვა რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური ფისკალური/მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები 12-18 ოქტომბერს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იმართება“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.