საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს უმასპინძლა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.
„შეხვედრის ფარგლებში ბატონმა ტღებიუკმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს, თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და თითოეული ადვოკატის მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში სანდო, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა, ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.
ირაკლი ყანდაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული სტანდარტების გაძლიერების, ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.