თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ქარტიის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა
თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ქარტიის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა.
დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადებას ისახავს მიზნად.
აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების შესახებ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ქარტიასთან თანხვედრაში იყოს. საბოლოო პროექტის შემუშავებაში აქტიურად ჩავერთვებით, იმისთვის, რომ მასში ასახული იყოს მაქსიმალირად რეალური სურათი. თბილისისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები დაკავშირებულია სატრანსპორტო სფეროს რეგულირებასთან. მნიშვნელოვანი იყო უფლებათა კოდექსის საფუძველზე ადგილობრივ თვითმმართველობის ახალი ვალდებულების დაკისრება ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში. ამ და სხვა ცვლილებებმა გაზარდა მუნიციპალური ფუნქციები სატრანსპორტო მართვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით და გააძლიერა თბილისის ინსტიტუციური შესაძლებლობები”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და დაინტერესება მომხსენებლების, მათ შორის, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებლის ანდერს კნაპეს მხრიდან შეეხებოდა დედაქალაქის ფუნქციონირების სხვადასხვა მიმართულებას - თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დედაქალაქის ფინანსური მდგომარეობა, ზედამხედველობის სისტემა და სხვა.
“საქართველოში კონგრესის ბოლო ვიზიტი 2018 წელს ჩატარდა. წლევანდელი ვიზიტის ფარგლებში, გვაინტერესებს, ამ დროის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით რა ცვლილებები, რეფორმები განხორციელდა”, - აღნიშნა ანდერს კნაპემ.
შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად თბილისის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე და იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე სალომე ღვინეფაძე დაესწრნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს