Al Arabiya: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პრინციპის დონეზე შეთანხმდნენ

Al Arabiya: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პრინციპის დონეზე შეთანხმდნენ

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმების ძირითად პირობებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Al Arabiya ინფორმირებულ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, შეთანხმების ოფიციალური გამოცხადება შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს.

მისივე თქმით, თეირანსა და მასკატს შორის მიღწეული შეთანხმება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.

წყაროს ცნობით, შეთანხმება 60 დღით იქნება გათვლილი და მისი მთავარი მიზანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენაა.

მისივე განცხადებით, 60-დღიანი შეთანხმება არსებული ჩიხიდან გამოსვლასა და ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებასაც ითვალისწინებს.

გეგმის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში შემავალი გემები ირანის სანაპიროსთან მდებარე საზღვაო დერეფნით ისარგებლებენ, ხოლო სრუტიდან გამსვლელი ხომალდები - ომანის მხარეს არსებული სანაოსნო მარშრუტით.

წყაროს ინფორმაციით, რეგიონული ქვეყნები ასევე შეიძლება ჩაერთონ სრუტის დანაღმული უბნების გაწმენდასა და სხვა აუცილებელი ტექნიკური პროცედურების განხორციელებაში.