მარკო რუბიო: Amnesty International-ი თაღლითური ორგანიზაციაა

მარკო რუბიო: Amnesty International-ი თაღლითური ორგანიზაციაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორგანიზაცია Amnesty International-ი თაღლითობაში დაადანაშაულა.

განცხადება მარკო რუბიომ ლისაბონში პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაულუ რანჟელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია მან ირანის მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების იგნორირებაში დაადანაშაულა.

მანამდე Amnesty International-მა პორტუგალიას მოუწოდა, შეერთებული შტატებისთვის ქალაქ ლაჟესის ავიაბაზის სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენება აეკრძალა.

„Amnesty International-ი თაღლითური ორგანიზაციაა. თუ მეკითხებით, რას ვფიქრობ Amnesty International-ის შეხედულებებზე, გეტყვით, რაზე უნდა იყოს ეს ორგანიზაცია ფოკუსირებული: ირანის რეჟიმზე, რომელმაც თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში ათიათასობით ადამიანი ცივსისხლიანად მოკლა.

Amnesty International-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზეც, თუ როგორ შედის ირანის რეჟიმი საავადმყოფოებში, როდესაც დაშავებული მომიტინგეები იქ ხვდებიან და კლავს ადამიანებს პირდაპირ საავადმყოფოს საწოლებში. სხვათა შორის, ზოგჯერ იმ ექიმებსა და ექთნებსაც კლავენ, რომლებიც მათ მკურნალობდნენ.

სწორედ ამაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ეს ომის დანაშაულებია. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებია და ეს დანაშაულებია, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან“, - განაცხადა რუბიომ.