AXIOS: ᲣᲘᲢᲙᲝᲤᲘ ᲓᲐ ᲙᲣᲨᲜᲔᲠᲘ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐᲡ ᲓᲐᲔᲛᲣᲥᲠᲜᲔᲜ, ᲠᲝᲛ ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲜᲐᲕᲗᲝᲑᲒᲐᲓᲐᲛᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲔᲚ ᲥᲐᲠᲮᲜᲔᲑᲖᲔ ᲗᲐᲕᲓᲐᲡᲮᲛᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲢᲠᲐᲛᲞᲘᲡ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐᲡ ᲐᲨᲨ-ᲘᲡ ᲡᲐᲓᲐᲖᲕᲔᲠᲕᲝ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐᲖᲔ ᲬᲕᲓᲝᲛᲐᲡ ᲨᲔᲣᲬᲧᲕᲔᲢᲓᲐ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მაიამიში გამართული შეხვედრის დროს უკრაინული მხარის წარმომადგენლებს დაემუქრნენ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნების უგულებელყოფის გაგრძელების შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყანას აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომას შეუწყვეტდა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მათ უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა. თუმცა, ამერიკული მხარე ამას უარყოფს.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინულ დელეგაციას განუმარტეს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ძლიერი პარტნიორია, რომელიც ქვეყანას საბრძოლო მასალებითა და სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფს. შესაბამისად, მისი თქმით, უკრაინამ ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგას, რომლებიც ამერიკელ მომხმარებლებს დააზარალებს.
„რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები რუსეთს ტკივილს აყენებს, თუმცა ის შეერთებულ შტატებსაც აზარალებს“, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.