AXIOS: აშშ-მა ირანზე იერიშისთვის B-1 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი პირველად გამოიყენა
ამერიკელმა სამხედროებმა სამშაბათს ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე იერიშის მისატანად B-1 ტიპის შორი მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი გამოიყენეს. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა B-1 ბომბდამშენი გამოიყენა მას შემდეგ, რაც 12 დღის წინ ირანთან საბრძოლო მოქმედებები განახლდა.
Axios-ის შეფასებით, B-1-ის გამოყენება, რომელსაც 24 ერთეული დაახლოებით 900-კილოგრამიანი ბომბის ან ათეულობით ფრთოსანი რაკეტის გადატანა შეუძლია, აშშ-ის სამხედრო კამპანიის მნიშვნელოვან ესკალაციასა და გაფართოებაზე მიუთითებს.
B-1-ს დაბალ სიმაღლეზე ზებგერითი სიჩქარით ფრენა შეუძლია და ნებისმიერი ტიპის ამერიკულ ბომბდამშენს შორის ყველაზე დიდი მოცულობის საბრძოლო მასალა გადააქვს.
რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ განიხილავს ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლების შესაძლებლობას. ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს.
B-1-მა მისია დიდ ბრიტანეთში მდებარე ავიაბაზიდან შეასრულა. მისი გადაადგილება ონლაინ ფრენების მონიტორინგის პლატფორმებზეც დაფიქსირდა, წერს გამოცემა.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ ობიექტებზე მიიტანა იერიში B-1-მა და იყო თუ არა ეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია ბოლო დღეებში განხორციელებულ დარტყმებზე უფრო ეფექტიანი.
აშშ-მა B-1 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები Operation Epic Fury-ის დროსაც გამოიყენა. მაშინ მათი სამიზნე სარაკეტო ბაზები, სამეთაურო ცენტრები, შეიარაღების საცავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო.