CENTCOM: ამერიკულმა ძალებმა გასულ ღამეს ირანის 90-მდე სამხედრო სამიზნეს დაარტყეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) გასულ ღამეს ირანზე განხორციელებული იერიშის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში იუწყება.
CENTCOM-ის ინფორმაციით, გასულ ღამეს ამერიკულმა ძალებმა ირანის 90-მდე სამხედრო სამიზნეს დაარტყეს.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა 8 ივლისს ირანის წინააღმდეგ დარტყმების დამატებითი ეტაპი განახორციელეს, რათა კიდევ უფრო შეეზღუდათ ირანის შესაძლებლობა, თავდასხმები განეხორციელებინა ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებსა და მშვიდობიან მეზღვაურებზე.
აშშ-ის ძალებმა ირანის დაახლოებით 90 სამხედრო ობიექტს დაარტყეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო მეთვალყურეობის საშუალებებს, რაკეტებისა და დრონების საცავებს, საზღვაო შესაძლებლობებსა და ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარე სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც წინა ღამით ირანის ტერიტორიაზე შეტევითი დარტყმების პირველი ეტაპი წარმატებით შესრულდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკამ იერიში მიიტანა ირანის დაახლოებით 80 სამხედრო სამიზნეზე 7 ივლისსაც.
„CENTCOM-ის ძალებმა 7 ივლისსაც დაარტყეს ირანის დაახლოებით 80 სამხედრო სამიზნეს, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 60-ზე მეტ მცირე ზომის კატერს. სარდლობის განცხადებით, ეს იყო პასუხი ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე, რაც ჰორმუზის სრუტეში მცურავ სამ კომერციულ გემზე თავდასხმაში გამოიხატა“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.
აშშ-ის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში რჩებიან, ინარჩუნებენ მაღალ საბრძოლო შესაძლებლობებს და მზად არიან, უმაღლესი მთავარსარდლის მიერ გაცემული ნებისმიერი ბრძანება შეასრულონ, წერს ცენტრალური სარდლობა.