Deutsche Welle: YouGov-ის მიერ 16 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, AfD-ის რეიტინგმა 29%-ს მიაღწია, მაშინ როცა კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულ ბლოკს გერმანელთა მხოლოდ 20% უჭერს მხარს

Deutsche Welle: YouGov-ის მიერ 16 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, AfD-ის რეიტინგმა 29%-ს მიაღწია, მაშინ როცა კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულ ბლოკს გერმანელთა მხოლოდ 20% უჭერს მხარს

გერმანიაში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) რეიტინგების სათავეში მყარად პოზიციონირებს და ზოგიერთ გამოკითხვაში კონსერვატიულ ბლოკს (CDU/CSU) თითქმის 10 პროცენტული პუნქტით უსწრებს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

YouGov-ის მიერ 16 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, AfD-ის რეიტინგმა 29%-ს მიაღწია, მაშინ როცა კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულ ბლოკს გერმანელთა მხოლოდ 20% უჭერს მხარს. სხვა სოციოლოგიური სამსახურების მონაცემები ოდნავ განსხვავებულია, თუმცა ტენდენცია უცვლელი რჩება - Forsa AfD-ს 27%-ს, ხოლო CDU/CSU-ს 21%-ს ანიჭებს, INSA-ს კვლევაში კი ეს მაჩვენებლები შესაბამისად 29%-სა და 22%-ს შეადგენს.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD), რომელიც CDU/CSU-სთან ერთად მმართველ კოალიციაში შედის, სამივე ინსტიტუტი 12%-იან მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებს.

ეს მაჩვენებელი სოციალ-დემოკრატებისთვის მცირედი პროგრესია, რადგან რეიტინგი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და პარტიამ თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ცუდ შედეგს დააღწია თავი.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, „მწვანეები“ 14-15%-ს ინარჩუნებენ, ხოლო „მემარცხენეები“ (Die Linke) 10.5%-დან 12%-მდე მერყეობენ. თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP), რომელმაც ბუნდესტაგის გასულ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, ამჟამად Forsa-სა და YouGov-ის გამოკითხვებში ზუსტად 5%-ს აგროვებს.

პარალელურად, გერმანიის მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი ნდობა კრიტიკულად დაბალია და Forsa-ს მონაცემებით, კანცლერ ფრიდრიხ მერცის მუშაობით კმაყოფილების დონე კვლავინდებურად 14%-ზე ნარჩუნდება.

მოქალაქეები საკმაოდ პესიმისტურად უყურებენ ქვეყნის ეკონომიკურ მომავალსაც. რესპონდენტთა მხოლოდ 11% ელოდება უახლოეს წლებში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, რაც წინა კვირასთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა, კერძოდ 65%, სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებს.