გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს FARA-ში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას.
მაჭარაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონი იქნა ინიციირებული და მიღებული, ევროპის ქვეყნებმაც დაიწყეს ანალოგიური კანონების მიღება უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
მისივე თქმით, ამ ფონზე კვლავ აქტუალურია კითხვა, რატომ არ სჭირდება მსგავსი კანონი საქართველოს.
„მას შემდეგ, რაც „ხალხის ძალამ“ 2023 წელს გამჭვირვალობის შესახებ კანონი დააინიცირა, საბოლოოდ კი ამერიკული „ფარას“ კანონის ერთი-ერთში თარგმანი მივიღეთ, ევროპის ქვეყნებშიც დაიწყეს ამ კანონის მიღება. თურმე, საჭიროა, რომ ევროპის ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან, საქართველომ კი არა. ბუნებრივია, ამერიკასაც სჭირდება საკუთარი ქვეყნის დაცვა (გამჭვირვალობის კანონის დახმარებით) უცხო ძალებისგან, მაგრამ რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს? - ეს კითხვა არსებობს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.