საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი - ICAO SWIM 2026 ჩატარდა
საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი - ICAO SWIM 2026 ჩატარდა.
150-მდე დელეგატის მონაწილეობით გამართული ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ორგანიზებით გაიმართა.
ICAO-ს ორი რეგიონის (EUR/NAT და MID) საერთაშორისო ფორმატის შეხვედრა საქართველოში პირველად ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა ICAO-ს საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების თვალსაზრისით.
სემინარზე საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყებების, ავიასაწარმოებისა და სანავიგაციო მომსახურების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენლებმა საჰაერო მოძრაობის მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის - SWIM-ის აქტუალური საკითხები განიხილეს, რომლის დანერგვაც ICAO-სა და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის მართვის გენერალური გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იგი გლობალურ, რეგიონულ და ლოკალურ დონეზე საავიაციო მონაცემების გაცვლის სრულიად ახალი, ციფრული სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს, რაც ფრენების უსაფრთხოებასა და სააერნაოსნო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ყურადღება გამახვილდა SWIM-ის დანერგვის მოსამზადებელ სამუშაოებზე, ტექნიკურ მზაობაზე, პერსონალის გადამზადებასა და მონაცემთა ბაზების სინქრონიზაციაზე. აღნიშნული პლატფორმა გულისხმობს საჰაერო მოძრაობის მართვას ერთიანი სტანდარტებისა და პროცესების ერთობლიობით, რაც ავტორიზებულ მხარეებს შორის თავსებადი ციფრული სერვისების უსაფრთხო გაცვლას უზრუნველყოფს.
სემინარში ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წევრი სახელმწიფოების, ICAO-ს, EUROCONTROL-ის, სხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და საქართველოს საავიაციო უწყებების და ავიასაწარმოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ