თემო მაღრაძე: IT სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 8%-ზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. იმისთვის, რომ უფრო ეფექტურები გავხდეთ, უნდა ვაჯობოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა ცდილობენ ჩვენი ანალოგიური ან კიდევ უკეთესი რეგულაციების შემოღებას

თემო მაღრაძე: IT სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 8%-ზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. იმისთვის, რომ უფრო ეფექტურები გავხდეთ, უნდა ვაჯობოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა ცდილობენ ჩვენი ანალოგიური ან კიდევ უკეთესი რეგულაციების შემოღებას

„აღსანიშნავია, რომ დღეს IT სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 8%-ზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარემ თემო მაღრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, IT სექტორის მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის IT ბინადრობის შესახებ კანონი, დადებით შედეგს იძლევა, თუმცა ამ კანონის პრაქტიკული აღსრულების მარეგულირებელი მექანიზმები შემდგომ დახვეწას საჭიროებს.

„ეს შედეგი დღეს არ გაჩენილა და მას საფუძვლად საინტერესო საგადასახადო შეღავათები და სხვადასხვა ინიციატივები უდევს. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გამოვყო GITA-სა და „აწარმოე საქართველოში“-ს როლი, რადგან ისინი თავის მხრივ უამრავ რამეს აკეთებენ ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისთვის.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა გასულ წელს მიღებულ კანონს, რომელიც IT ბინადრობას ეხება და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მნიშვნელოვან შეღავათებს სთავაზობს. თუმცა, მეორე მხრივ, ის რეგულაციები, რომლებიც ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი კანონის აღსრულებას უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე, გარკვეულ დახვეწასა და კორექტირებას საჭიროებს“, - განმარტა ასოციაციის თავმჯდომარემ. 

თემო მაღრაძის განცხადებით, საქართველოს ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვისთვის უკვე აქვს მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობები, თუმცა ამ პოზიციების შესანარჩუნებლად რეგულაციების მუდმივი გაუმჯობესებაა საჭირო, რათა ქვეყანამ საერთაშორისო კონკურენციაში ლიდერობა შეინარჩუნოს.

„ერთი მხრივ, ეს დიდი კომპანიები მუდმივად იზრდებიან, საქართველოში მართლაც საუკეთესო საცხოვრებელი გარემო და საგადასახადო პირობებია - გვაქვს მულტინაციონალური მიდგომა, რაც ყველასთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთანავე, გადამწყვეტი ფაქტორია სტაბილურობა იქნება ეს ეროვნული ვალუტის კურსი თუ საერთო განვითარება - ქვეყანა წინ მიდის და ამ მიმართულებით პრობლემები არ გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურები გავხდეთ, საერთაშორისო ბაზარზე უნდა ვაჯობოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა ცდილობენ ჩვენი ანალოგიური ან კიდევ უკეთესი რეგულაციების შემოღებას“, - აღნიშნა თემო მაღრაძემ