რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა
რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ ფაზაშია, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკოლაში განახლდება საკლასო ოთახები, დამხმარე და საერთო სარგებლობის სივრცეები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა მოეწყობა და სრულად მოერგება მოსწავლეების საჭიროებებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული სკოლა 800-მდე მოსწავლეს მოემსახურება.
„რუსთავში სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება, როგორც ქალაქისთვის, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის არის უმნიშვნელოვანესი. დღეს ადგილზე გავეცანით მე-6-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა. ძალიან გვიხარია, რომ №16 საჯარო სკოლის პროექტირება დასრულდა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის №6 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 7.9 მილიონ ლარზე მეტია. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
„რუსთავში მიმდინარეობს №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა. დღეს ობიექტი მოვინახულეთ და გარკვეული შენიშვნები მიეცა კონტრაქტორს. პირველ რიგში გვქონდა შენიშვნა, რომ უფრო ინტენსიური გახადონ სამშენებლო მოედანი. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში სკოლა დასრულდება, გადაეცემა რუსთვის მუნიციპალიტეტს და განათლების სამინისტროს“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს ქალაქ რუსთავში სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროგრამას. ფონდი რუსთავის სხვა სკოლების, მათ შორის №16 საჯარო სკოლის, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტებსაც განახორციელებს.