POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა
ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი განჩინება გამოსცა, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი პეტრ პაველი ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნაწილობრივ მოაგვარა პრეზიდენტ პეტრ პაველსა და პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს შორის არსებული დავა. ბაბიშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პაველი ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობაში ვერ იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა განმარტება, ვის აქვს უფლება გადაწყვიტოს, უნდა დაესწროს თუ არა სახელმწიფოს მეთაური ნატოს სამიტს.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით უახლოეს კვირებში მიიღებს, დროებითი განჩინების საფუძვლად წინა პრეზიდენტების სამიტებში მონაწილეობის პრაქტიკა და დელეგაციების აკრედიტაციის ვადა დასახელდა, რომელიც პარასკევს იწურება.
„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც დროის რესურსი მკაცრად არის შეზღუდული, აუცილებელია მოქმედი პრაქტიკის შენარჩუნება“, - განაცხადა საქმეზე მომხსენებელმა მოსამართლემ პაველ შამალმა.
ნატოს სამიტი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. მათ შორის პოლიტიკური კონკურენცია 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდიდან გრძელდება. მხარეები ასევე არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბაბიშის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც სამხედრო ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1.8%-მდე შემცირდა, რაც ნატოს მიერ განსაზღვრულ 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, იუწყება POLITICO.
„მივესალმები საკონსტიტუციო სასამართლოს დროებით განჩინებას, რომელიც არსებულ პრაქტიკას ასახავს და ნატოს სამიტზე ქვეყნის წარმომადგენლობის უწყვეტობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პეტრ პაველმა.
ანდრეი ბაბიშის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს.