POLITICO: ევროკავშირმა, კანადამ და ლიეტუვამ აშშ-ის ზეწოლის შემდეგ დეზინფორმაციის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის, კანადისა და ლიეტუვის დიპლომატებზე ზეწოლა მოახდინა, რის შემდეგაც სამივე მხარემ დეზინფორმაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას POLITICO აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიურ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონფერენცია, სახელწოდებით #Disinfo2026, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმართება. ღონისძიების პროგრამაში თავდაპირველად დაგეგმილი იყო პანელები, რომლებზეც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ზოგადად შეერთებული შტატების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხე უნდა განეხილათ.
გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონი განსაკუთრებით გააღიზიანა კონფერენციის პროგრამაში შეერთებული შტატების „უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის“, FIMI-ის აქტორად მოხსენიება.
FIMI ევროკავშირის მიერ გამოყენებული ტერმინია და გულისხმობს ისეთ საქმიანობას, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის დამახინჯებაა, მათ შორის დეზინფორმაციის ონლაინ გავრცელება. ტერმინი, როგორც წესი, უცხოელი აქტორების, მათ შორის რუსეთის, საქმიანობის აღსაწერად გამოიყენება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებსა და ევროკავშირში აშშ-ის წარმომადგენლებს დაავალა, ვაშინგტონის შეშფოთება გამოეხატათ და გაერკვიათ, ეთანხმებიან თუ არა შესაბამისი ქვეყნების მთავრობები შეერთებული შტატების FIMI-ის აქტორად შეფასებას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონფერენციის მიერ აშშ-ის რუსეთისა და ჩინეთის მსგავსად „უცხოელ მოწინააღმდეგეებად“ მოხსენიება „მცდარ პარალელს“ ქმნის და რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან დემოკრატიულ ქვეყნებში ჩარევის მასშტაბსა და ხასიათს ბუნდოვანს ხდის.
POLITICO-ს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა საფრანგეთში, ნორვეგიაში, რუმინეთსა და პოლონეთში აშშ-ის საელჩოებს მოუწოდა, შესაბამის მთავრობებთან კონფერენციის საკითხი დაეყენებინათ. დიპლომატებს დავალებული ჰქონდათ, მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის აშშ-ის უკმაყოფილება ზეპირად, წერილობითი ფორმის გარეშე ეცნობებინათ.
კონფერენციის ერთ-ერთი პანელი სახელწოდებით „აშშ, როგორც FIMI-ის საფრთხე: აღიარება, ადაპტაცია, წინააღმდეგობა“ აშშ-ის მხრიდან ევროპის მიმართ დეზინფორმაციის საფრთხეს განიხილავდა. მასში ორი ამერიკელი მკვლევარი და CIA-ის ყოფილი თანამშრომელი მონაწილეობდნენ.
აშშ-ის ოფიციალური პირის ინფორმაციით, რომელიც POLITICO-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, სახელმწიფო დეპარტამენტმა ზოგიერთ ქვეყანას კონფერენციაში მონაწილეობაზე უარის თქმა ურჩია.
ნორვეგიის, რუმინეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები ამ დრომდე კონფერენციის პროგრამაში არიან მითითებული.