POLITICO: ზელენსკის დილემა ტრამპთან ურთიერთობაში - წინააღმდეგობის გაწევა თუ დათმობა?

POLITICO: ზელენსკის დილემა ტრამპთან ურთიერთობაში - წინააღმდეგობის გაწევა თუ დათმობა?

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის გაბრაზების საფუძველი აქვს, წერს გამოცემა POLITICO.

უკრაინელებისთვის მძიმე თვეს, მოახლოებული მკაცრი ზამთრის წინ, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული „ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეთანხმება“, რომელიც რუსეთიდან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის შესყიდვას ითვალისწინებს, კიევისთვის განსაკუთრებით არასასურველ დროს გამოცხადდა.

აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა, რუსეთიდან დიზელის იმპორტის გასამარტივებლად მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქების შესახებ, უკრაინელებისთვის მოულოდნელი დარტყმა აღმოჩნდა. ამ დროს ქვეყანა რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მასშტაბურ თავდასხმებს უმკლავდება, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვება.

ზელენსკის მთავარი კითხვა ახლა ისაა, რამდენად შეუძლია მას ტრამპთან ურთიერთობაში საკუთარი უკმაყოფილების ღიად გამოხატვა, იუწყება გამოცემა.

„მისი იმედგაცრუება გასაგებია, თუმცა ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს“, - განაცხადა ყოფილმა ბრიტანელმა დიპლომატმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარმა ტიმ უილეისი-უილსიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპის შეთანხმებას მაშინვე „სუსტი გადაწყვეტილება“ და „პუტინისთვის საჩუქარი“ უწოდა, რომელიც, მისი შეფასებით, რუსეთის ომის დაფინანსებას შეუწყობს ხელს. უფრო მეტიც, ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით ახალი თავდასხმების განხორციელებას დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა ზელენსკი უნდა შეცვალონ.

როგორც POLITICO წერს, ზელენსკი არ აპირებს გაითვალისწინოს ტრამპის მოწოდება, რომ უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები „სასწრაფოდ შეწყვიტოს“. ეს მიმდინარე წელს მისი მზარდი მოუთმენლობის გაგრძელებაა. ბოლო პერიოდში უკრაინის პრეზიდენტმა კრიტიკოსებისა და მოკავშირეების მიმართ რიტორიკა გაამკაცრა, ევროპელ ლიდერებს დახმარების გაჭიანურების გამო უსაყვედურა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა და ომის მიმართ ტრამპის მიდგომაც ღიად გააკრიტიკა.

კიევის პოზიციის გამკაცრება მზარდ უკმაყოფილებას ასახავს, განსაკუთრებით შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ. უკრაინის თავდაცვისუნარიანობამ და დრონებისა და რაკეტების წარმოებაში მიღწეულმა ინოვაციებმა ზელენსკის თავდაჯერებულობა და წინააღმდეგობის გაწევის მზაობა გაუძლიერა. თუმცა უკმაყოფილების ღიად გამოხატვას თავისი რისკებიც ახლავს.

უილეისი-უილსის ვარაუდობს, რომ ზელენსკი შესაძლოა განიხილავს იმ ვარიანტს, რომ კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ ტრამპის პოზიციები შესუსტდება. „რესპუბლიკელების“ ნაწილმა რუსეთთან დიზელის შეთანხმების გამო უკვე გამოთქვა უკმაყოფილება და პრეზიდენტის პოზიციას გაემიჯნა.

თუმცა უკრაინის ლიდერი რისკავს, ტრამპს ისეთი ნაბიჯებისკენ უბიძგოს, როგორიცაა აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სადაზვერვო დახმარების შეწყვეტა ან ილონ მასკზე ზეწოლა, რათა SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის ინტერნეტსერვისი გაუთიშოს. უკრაინის სამხედრო ძალები ამ სისტემას ინტენსიურად იყენებენ.

„ზელენსკი შესაძლოა სათანადოდ ვერ აფასებდეს, რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს უკრაინისთვის დასუსტებული ტრამპი“, - გააფრთხილა უილეისი-უილსიმ.