POLITICO: BMW 2027 წლის ბოლომდე 8 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანული ავტომწარმოებელი BMW 2027 წლის ბოლომდე ათასობით თანამშრომელს შეამცირებს. ინფორმაციას POLITICO კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის შიდა წყაროების ინფორმაციით, ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამის ფარგლებში შესაძლოა 8 000-მდე სამუშაო ადგილი გაუქმდეს. თანამშრომლებისთვის შესაბამისი შეთავაზებების გაცემა ოქტომბრიდან დაიწყება.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პროგრამა გერმანიაში დასაქმებულ ადმინისტრაციულ პერსონალსა და კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულების თანამშრომლებს შეეხება.
კომპენსაციის სანაცვლოდ ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამა, რომელიც კომპანიის ადმინისტრაციასა და თანამშრომელთა საბჭოს შორის ექვსკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდა, მიმდინარე კვირაში მიუნხენში თანამშრომლებს წარედგინებათ.
როგორც POLITICO იუწყება, BMW არ არის პირველი კომპანია გერმანიის ავტოინდუსტრიაში, რომელიც სამუშაო ადგილების შემცირებას გეგმავს. ასე, მაგალითად, Volkswagen-ი, სავარაუდოდ, 100 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს და რამდენიმე ქარხანას დახურავს. Porsche უკვე 5 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, ხოლო Mercedes-Benz საკუთარი შტატის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას განიხილავს.
BMW-მ მიმდინარე წლის დასაწყისში მიანიშნა, რომ თანამშრომლების შემცირება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ჩინეთში სუსტი გაყიდვების გამო წლის მოგების პროგნოზი შეამცირა.