POLITICO: Volkswagen-ი ფინანსური სირთულეების გამო 100 ათასამდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს
გერმანიის უმსხვილესი ავტომწარმოებელი Volkswagen-ი სამუშაო ძალის დაახლოებით 15%-ით შემცირებას გეგმავს, რაც 650 ათასზე მეტი თანამშრომლიდან დაახლოებით 100 ათას სამუშაო ადგილს მოიცავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მანამდე კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა, რომ 2030 წლამდე დაახლოებით 50 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებდა, თუმცა ახლა აღმასრულებელ დირექტორს ოლივერ ბლუმეს ამ მაჩვენებლის გაორმაგება აქვს განზრახული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ოთხი ქარხნის დახურვისა და Volkwagen-ის ბრენდის ცალკე სტრუქტურად გამოყოფის გეგმის შესახებ.
გერმანული ავტოგიგანტი ფინანსურ სირთულეებს განიცდის. 2026 წლის პირველ კვარტალში საოპერაციო მოგება 14,3%-ით შემცირდა და 2,46 მილიარდი ევრო შეადგინა. 2025 წელს კი Volkswagen Group-ის საოპერაციო მოგება 8,9 მილიარდ ევრომდე დაეცა, რაც წინა წელთან შედარებით 53%-იანი ვარდნაა.
ოლივერ ბლუმემ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციის გეგმა უკვე წარუდგინა. გეგმის მიხედვით, შესაძლოა, საშუალოვადიან პერიოდში დაიხუროს Volkswagen-ის ქარხნები ჰანოვერში, ემდენსა და ცვიკაუში, ასევე Audi-ს საწარმო ნეკარსულმში.
Volkswagen-მა გამოცემა POLITICO-თვის გაგზავნილ წერილობით კომენტარში განაცხადა, რომ „შიდა, კონფიდენციალურ დოკუმენტებზე კომენტარს არ აკეთებს“, თუმცა აღნიშნა, რომ „მთელი ჯგუფი, ბრენდებისა და შვილობილი კომპანიების ჩათვლით, ღრმა ტრანსფორმაციას საჭიროებს“ და ამ მიმართულებით სტრატეგიული გეგმა მუშავდება.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიის პრობლემები უკავშირდება მოთხოვნის შემცირებას ჩინეთში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებსა და ელექტრომობილებზე გადასვლის რთულ პროცესს.
Volkswagen-ის სირთულეები ასახავს გერმანიის ინდუსტრიული გიგანტების უფრო ფართო ტენდენციას. ასე, მაგალითად, კომპანია Bosch-მა იანვარში 20 ათასი სამუშაო ადგილის შემცირება გამოაცხადა, Mercedes-Benz კი დაახლოებით 40 ათას თანამშრომელს სთავაზობს კომპენსაციის პაკეტებს. 2025 წლის კვლევის მიხედვით, 2030 წლამდე გერმანიის ავტოინდუსტრიაში დაახლოებით 90 ათასი სამუშაო ადგილი შეიძლება გაქრეს, წერს POLITICO.