POLTICO: ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირში გაწევრიანების ნელი ტემპის გამო იმდეგაცრუებულია
ჩრდილოეთ მაკედონია ქაღალდზე ბრიუსელისთვის სამაგალითო კანდიდატია – ქვეყანა სრულად არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შეთანხმებული და გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ 2005 წელს გამოთქვა. თუმცა, ორი ათეული წლის შემდეგაც სკოპიე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სრულფასოვნად დაწყებას ელოდება და მოთმინებას კარგავს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამგვარი შექმნილი ვითარების გამო უკმაყოფილებას აღარ მალავს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ტიმჩო მუცუნსკი.
„დიახ, ზოგჯერ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ პოლიტიკური შედეგების არარსებობით“, – განუცხადა მან POLITICO-ს.
მისი თქმით, ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც კვირას რესპუბლიკის დღე აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოების პროცესში ორმხრივი დავების უარყოფითი გავლენის „საჩვენებელ მაგალითად“ იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგრო 2028 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს, ალბანეთმა ივლისში მოლაპარაკებების პირველი სამი თავი დახურა, ხოლო უკრაინა და მოლდოვა მოლაპარაკებების პროცესში წინ მიიწევენ, ჩრდილოეთ მაკედონიას 20 წელზე მეტია მოლაპარაკებების არც ერთი თავი არ დაუხურავს.
„თუ ვიტყვით, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ, ეს ძალიან რბილი შეფასება იქნება“, - განაცხადა მუცუნსკიმ.
POLITICO აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ 1995 წელს სახელმწიფო დროშა შეცვალა, ხოლო 2019 წელს - ქვეყნის სახელიც, რათა საბერძნეთთან ისტორიული დავა დაესრულებინა. თუმცა ამის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ბულგარეთმა დაბლოკა. სოფია მოითხოვს, რომ ბულგარელები ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში სახელმწიფოს დამფუძნებელ ხალხებს შორის აისახონ.
სკოპიე ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობს, რის გამოც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კვლავ შეჩერებულია.
მინისტრის განცხადებით, მრავალრიცხოვანი დათმობების შემდეგ კონსტიტუციის კიდევ ერთხელ შეცვლის საკითხი ქვეყანაში პოლიტიკურად უკიდურესად მგრძნობიარე გახდა.
მისი თქმით, მაკედონიელებს უკვე მობეზრდათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პირობები მუდმივად იცვლება და არ სჯერათ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ბულგარეთი ახალ მოთხოვნებს აღარ წამოაყენებს.
„ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის აშკარა ბოროტად გამოყენებაა“, - აღნიშნა მუცუნსკიმ.
მან არსებული ვითარება ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს შეადარა და განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მათ საკუთარი მწვავე უთანხმოებების დაძლევა საერთო ევროპული სივრცის გარეშე ვერ შეძლეს.
მინისტრის შეფასებით, „ბულგარეთი, ჩვენს შემდეგ, ყველაზე მეტად არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის გზაზე წინ წავიდეს.“
მუცუნსკის თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კრიტიკა მის ქვეყანას არაფერს მოუტანს, თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიამ უკვე დაამტკიცა, რომ ბლოკში თავისი ადგილი დაიმსახურა.
„ჩვენ გვჭირდება სამართლიანი, პროგნოზირებადი და სანდო გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, ჰქონდეს გეგმა B ან გეგმა C“, - განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.