სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ფოთში გამართულ წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ტურნირს - Poti Pro 2026 დაესწრო

სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ფოთში გამართულ წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ტურნირს - Poti Pro 2026 დაესწრო

ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ღონისძიება „ფოთი პრო 2026“ გაიმართა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში 20-21 ივლისს მიმდინარეობდა და მასში მსოფლიოს ხუთი კონტინენტის სპორტსმენები, მათ შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერები - ჯეიმი ბული, ფრედი ვინტერი, დანილო ფილჩენკო, ტომას დეგასპერი და ბრანდო კარუზო - მონაწილეობდნენ.

ტურნირს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ფოთის მერ ბექა ვაჭარაძესთან ერთად ესწრებოდა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში.

მამაკაცებს შორის ჩემპიონობა იზეიმეს შემდეგ სპორტის სახეობებში:

სლალომი - ფრედი ვინტერი;

ფიგურები - დანილო ფილჩენკო;

ტრამპლინიდან ხტომა - ლუკა რაუხენვალდი.

ქალებს შორის:

სლალომი - სეიდ ფერგიუსონი;

ფიგურები - მარია პოპოვა;

ტრამპლინიდან ხტომა - ლინდა პოლიდოროვა.

გამარჯვებული სპორტსმენები საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ირაკლი მეძმარიაშვილმა, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და ფოთის ტბის კლუბის პრეზიდენტმა კონსტანტინე ოსიპოვმა დააჯილდოვეს.

24-26 ივლისს კი ფოთის „ოქროს ტბა“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო სპორტის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 20 ქვეყნის 120-ამდე სპორტსმენი მიიღებს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ტურნირების ორგანიზატორები კი - საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და „ფოთის ტბის კლუბი“. ღონისძიება საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით ჩატარდება.

შეჯიბრებები ჩატარდება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში: სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში.

ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს. 1991 წელს სწორედ აქ გაიმართა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი ამ სპორტის სახეობაში და წელს ამ ისტორიული მოვლენის 35-ე წლისთავი აღინიშნება.