Reuters: აშშ-ირანის ჩარჩო შეთანხმებაში გაწერილია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების კერძო ფონდის შექმნა, რომლის მიზანიც ირანში ინვესტიციების მოზიდვაა - ამ თანხის ნახევარზე მეტი უკვე მობილიზებულია
აშშ-ირანის ჩარჩო შეთანხმებაში გაწერილია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების კერძო ფონდის შექმნა, რომლის მიზანიც ირანში ინვესტიციების მოზიდვაა - ამ თანხის ნახევარზე მეტი უკვე მობილიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული ფონდი მიზნად ისახავს, ორივე მხარეს მისცეს ეკონომიკური სტიმული საბოლოო შეთანხმების მისაღწევად - განაცხადა წყარომ, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ვინაიდან გეგმა ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, ვაშინგტონი და თეირანი კი ხელმოწერას პარასკევს გეგმავენ.
აშშ-ისა და ირანის ოფიციალურმა პირებმა კვირას განაცხადეს, რომ მიაღწიეს ჩარჩო შეთანხმებას ომის დასასრულებლად, რომელიც მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ძალების თავდასხმით დაიწყო. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აშშ-ის მიერ ირანის ბლოკადის შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას, რომელიც გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდების უმნიშვნელოვანესი მარშრუტია.
წყაროს განცხადებით, ახალი ფონდი წარმოადგენს კერძო საინვესტიციო ინსტრუმენტს და არა აღდგენის ან რეპარაციის პროგრამას, და მასში სამთავრობო სახსრები ან გრანტები არ იქნება გამოყენებული. მანვე დასძინა, რომ დაფინანსების გამოყოფაზე თანხმობა უკვე განაცხადეს კომპანიებმა აშშ-იდან, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან, აზიიდან, სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკიდან..
მისივე თქმით, გათვალისწინებული ინვესტიციები მოიცავს ენერგეტიკის, ლოგისტიკის, წარმოებისა და ტრანსპორტის სექტორებს.
ირანელმა მაღალჩინოსანმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ თეირანი თავდაპირველად აშშ-ისგან ომის ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციის სახით 400 მილიარდ დოლარს ითხოვდა, თუმცა ვაშინგტონმა ამ თანხის გამოყოფაზე უარი თქვა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ გაჩნდა იდეა ფონდის შექმნის შესახებ, რომელსაც „რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდი“ ეწოდება.
ირანული წყაროს ცნობით, მექანიზმი ითვალისწინებს რეგიონის ქვეყნების ჩართულობას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის: სესხების უზრუნველყოფით, საკრედიტო ხაზების გახსნით ან ომის დროს დაზიანებული ობიექტების აღდგენის პირდაპირი დაფინანსებით. აღნიშნულ ობიექტებს შორისაა „მობარაქეს“ ფოლადის კომპლექსი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, აეროპორტები და, უფრო ფართო მასშტაბით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურა.
„ფონდი მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნება, რაც საბოლოო შეთანხმებას მოეწერება ხელი. მომდევნო 60 დღის განმავლობაში, ფონდის ადმინისტრატორები ირანულ მხარესთან და ინვესტორებთან ერთად იმუშავებენ, რათა დაგეგმონ და განსაზღვრონ პროექტების მასშტაბები“, - განაცხადა წყარომ.