Reuters: საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო 400-მდე სკოლა დაიხურა
საფრანგეთში განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო დაწყებული მოსწავლეთა საპროტესტო აქციები სულ უფრო ძალადობრივ ხასიათს იღებს. ქვეყანაში დაახლოებით 400 სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, იუწყება Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდში დემონსტრაციების დროს ათობით ადამიანი დაშავდა, პოლიციამ კი ასობით პირი დააკავა.
პროტესტი, რომელიც მასწავლებელთა ნაკლებობასა და სკოლების სავალალო მდგომარეობას უკავშირდება, გასულ თვეში პარიზის რეგიონში დაიწყო, თუმცა შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა და არაერთ ადგილას ძალადობაში გადაიზარდა.
„აქციის მონაწილეებს შორის არის აქტიური და ძალადობრივი უმცირესობა. ბოლომდე დარწმუნებულებიც კი არ ვართ, რომ ისინი თავად არიან საშუალო სკოლის მოსწავლეები“, - განაცხადა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა რადიო RTL-თან საუბრისას.
მისი ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 2 000 ადამიანი დააკავეს, მათგან დაახლოებით ორი მესამედი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
„ჩვენ მოსწავლეთა დემონსტრაციებიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევამდე მივედით. როდესაც ადამიანები ავტობუსებს ესხმიან თავს და სკოლებს ცეცხლს უკიდებენ, ეს უკვე მხოლოდ საპროტესტო აქცია აღარ არის“, - აღნიშნა დარმანენმა.
საფრანგეთის განათლების მინისტრმა ედუარ გეფრემ ხუთშაბათს ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარასკევს 400-ზე ოდნავ მეტი სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურებოდა.
პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნიუსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ხუთშაბათს გამართულ კრიზისულ შეხვედრაზე სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო მოძრაობა ულტრამემარცხენე პოლიტიკოსების, მათ შორის, პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (LFI) წევრების ინიციატივით დაიწყო. პარტიის დეპუტატმა ლუი ბოიარმა ეს ბრალდება ფრანგულ ტელეარხებთან საუბრისას უარყო.
როგორც Reuters-ი იუწყება, ხუთშაბათს მოსწავლეებმა სულ მცირე ორი საშუალო სკოლის შენობაში ცეცხლი გააჩინეს. მარსელში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მესამე სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს მასწავლებლებს ბენზინი შემთხვევით შეასხეს, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
ქვეყნის აღმოსავლეთით, სტრასბურგში, სულ მცირე ერთი ავტომობილი დაწვეს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით, ტულუზაში, პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის შეტაკებები მოხდა.