Reuters: პუტინი კურილის კუნძულებზე ჩავიდა, რამაც იაპონიის პროტესტი გამოიწვია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობის ფარგლებში კუნძულ იტურუპზე ჩავიდა, რომელსაც იაპონია თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, მოსკოვსა და ტოკიოს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებიათ. ამის მთავარი მიზეზი კურილის კუნძულების ტერიტორიული დავაა, რომლებსაც იაპონია „ჩრდილოეთ ტერიტორიებს“ უწოდებს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ეს კურილის კუნძულებზე პუტინის პირველი ვიზიტი იყო. რუსეთის ლიდერის ჩასვლა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ გააპროტესტა.
„ჩრდილოეთ ტერიტორიები, მათ შორის ეტოროფუ (იტურუპი), ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა. იაპონია ამ ვიზიტს კატეგორიულად აპროტესტებს“, - დაწერა მოტეგიმ სოციალურ ქსელ X-ში.