Reuters: ამერიკელი მილიარდერი ტოდ ბოილი აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით რუსული „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივებს შეისყიდის

Reuters: ამერიკელი მილიარდერი ტოდ ბოილი აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით რუსული „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივებს შეისყიდის

ამერიკელმა მილიარდერმა ტოდ ბოილმა განაცხადა, რომ რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილთან“ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მონაწილეობით შექმნილი კონსორციუმი კომპანიის საერთაშორისო ენერგეტიკულ აქტივებს შეიძენს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს „ლუკოილის“ დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების კომპანიის უცხოურ აქტივებში გაცვლას.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი, რომელმაც „ლუკოილს“ სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დაუწესა, შეთანხმებას შეისწავლის, რათა დარწმუნდეს, რომ გარიგება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას არ უქმნის საფრთხეს. ამის შესახებ პროცესთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა. „ლუკოილს“ კომენტარის არ გაუკეთებია.

შეთანხმების თანახმად, ვაშინგტონი სამომავლო მოგების ნაწილს მიიღებს. ბოილისა და DFC-ის წარმომადგენლის თქმით, გარიგების დამტკიცება ხელს შეუწყობს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვას, დააფინანსოს ომი უკრაინაში და სტრატეგიულ ბაზრებზე რუსული გავლენის ამერიკულით ჩანაცვლებას.

„სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აქტივების აშშ-ის ან მისი მოკავშირე პარტნიორების ხელში გადასვლა ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განუცხადა Reuters-ს DFC-ის წარმომადგენელმა. ეს კორპორაცია აშშ-ის მთავრობის საინვესტიციო ორგანოა.

DFC-ის მეშვეობით აშშ-ის წილის ზუსტი ოდენობა ჯერ არ გამჟღავნებულა. თუმცა, შეთანხმების მიხედვით, კონსორციუმის კერძო ინვესტორების მიერ ჩადებული კაპიტალისა და წინასწარ შეთანხმებული უკუგების მიღების შემდეგ, ამერიკული მხარე კომპანიის სამომავლო მოგების ნაწილს მიიღებს და მის მმართველ საბჭოშიც იქნება წარმოდგენილი.

გარიგებას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) თანხმობა სჭირდება. პროცესთან დაახლოებული პირის თქმით, „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების მასშტაბის გათვალისწინებით, სრულყოფილ შემოწმებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.

„ლუკოილის“ საერთაშორისო პორტფელი დაახლოებით 40 ქვეყანაში არსებულ ოპერაციებს მოიცავს. მასში შედის ნავთობის საბადოები აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და კიდევ ცხრა ქვეყანაში, სადაც ჯამურად დღეში დაახლოებით 350 000 ბარელი ნავთობი მოიპოვება. გარიგების პირობებთან დაახლოებული ორი წყაროს შეფასებით, ამ აქტივების ღირებულება დაახლოებით 16 მილიარდი დოლარია.

ბოილის განცხადებით, პორტფელში ასევე შედის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნიდერლანდებში, ბულგარეთსა და რუმინეთში, აგრეთვე ბენზინგასამართი სადგურების ფართო ქსელი, მათ შორის აშშ-ში. მისი თქმით, აქტივების შეფასება შესაძლოა შეიცვალოს ნავთობის ფასებთან დაკავშირებით არსებული პროგნოზების მიხედვით.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბოილის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების გაცვლის სქემა თავდაპირველად აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უარყო, თუმცა მოგვიანებით მას სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

გასაცვლელი „ლუკოილის“ ფასიანი ქაღალდები ჯგუფმა შეიძინა აშშ-ისა და ბრიტანეთის საინვესტიციო ფონდებისგან, ასევე ამერიკული დეპოზიტარული ბანკებისგან, რომლებიც მათ საცალო ინვესტორების სახელით ფლობდნენ.

საერთაშორისო ინვესტორები „ლუკოილის“ აქციებს ფლობდნენ, რადგან კომპანია მსხვილ განვითარებადი ბაზრების საფონდო ინდექსებში იყო წარმოდგენილი. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს აქციები გაიყინა და მათი ღირებულება ჩამოიწერა.

„ჩვენ, ფაქტობრივად, ამერიკელებისთვის უსარგებლო აქციებს ვცვლით ფულად სახსრებში, რომლებიც მათვე დაუბრუნდებათ“, - განაცხადა ბოილმა.