Reuters: ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ევროკავშირში შეხვედრებზე დასასწრებად ვიზები მისცა
ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ვიზები მისცა, რათა ის მიგრაციის საკითხებზე ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს დაესწროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირი ხუთი წლის წინ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსულ „თალიბანს“ შეხვდება.
ვიზების მოქმედება შეზღუდულია. მათი ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი დღეა და „თალიბანს“ მხოლოდ ბელგიაში ჩასვლის უფლება ექნება. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ვიზიტის თარიღი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებულია.
თუმცა, როგორც სააგენტო წერს, „თალიბანს“ ბრიუსელში დღეს ელოდებიან.
ევროკომისიამ „თალიბანი“ ბრიუსელში ავღანელი მიგრანტების დეპორტაციის საკითხებზე სამსჯელოდ გასულ თვეს დაპატიჟა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ასეთმა ღონისძიებებმა, შესაძლოა, ავღანელების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ და ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს ძირი გამოუთხაროს, წერს Reuters-ი.
როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და „თალიბანის“ აღიარებას არ უკავშირდება.
„წევრი სახელმწიფოები ეძებენ გზებს, რათა უკან დააბრუნონ ის ადამიანები, რომლებმაც სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. შესაბამისად, ეს არის ინიციატივა, რომელსაც ახლა ევროკომისია მიჰყვება“, - ციტირებს სააგენტო ევროკომისიის პრესსპიკერს მარკუს ლამერტს.