Reuters: ევროკავშირი ვიეტნამთან თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს

Reuters: ევროკავშირი ვიეტნამთან თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს

ევროკავშირი ვიეტნამიდან კრიტიკული მინერალების მიწოდების გაზრდას ცდილობს, რათა ჩინეთზე დამოკიდებულება შეამციროს. ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ბრიუსელში არსებობს შეშფოთება, რომ ჩინეთიდან ამჟამინდელ მიწოდებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას.

ვიეტნამს კრიტიკული მინერალების მნიშვნელოვანი მარაგები აქვს, მათ შორის ვოლფრამის, იშვიათი წიაღისეულის ელემენტების, სტიბიუმის, ბისმუთისა და ბოქსიტის. ამ უკანასკნელის გადამუშავებისას შესაძლებელია გალიუმის სახით მიღებაც. ევროკავშირში ვიეტნამიდან ექსპორტი ძირითადად ვოლფრამითა და სტიბიუმით შემოიფარგლება. ორივე მინერალი თავდაცვის სექტორში გამოიყენება, მათ შორის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში, წერს სააგენტო.

„ევროპის ხელახალი შეიარაღებისა და რისკების რაც შეიძლება სწრაფად შემცირების საჭიროებიდან გამომდინარე, ევროკავშირს არ შეუძლია უგულებელყოს ვიეტნამი, როგორც კრიტიკული ნედლეულის პოტენციური მიმწოდებელი, განსაკუთრებით იშვიათ წიაღისეულთა ელემენტებისა და ვოლფრამის მნიშვნელოვანი მარაგების გათვალისწინებით“, - ნათქვამია ჰანოიში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

2026 წლის ივნისით დათარიღებული ანგარიში და მისი დანართი ვიეტნამის სამთო-მოპოვებით და გადამამუშავებელ მრეწველობაში ფინანსური მხარდაჭერის გაწევას გვთავაზობს, რათა „შენარჩუნდეს და გაფართოვდეს არსებული წვდომა, განსაკუთრებით ვოლფრამზე, ბისმუთზე, სტიბიუმსა და ტიტანზე“. დოკუმენტებში ასევე გამოთქმულია გაფრთხილება, რომ პარტნიორ ქვეყნებს შორის კონკურენციამ შესაძლოა ევროკავშირისთვის ამ რესურსების მიწოდება შეაფერხოს.

დოკუმენტების თანახმად, ვიეტნამთან თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია, რათა ევროკავშირმა ჩინეთის ალტერნატიული მიმწოდებელი იპოვოს. ჩინეთი კრიტიკული მინერალების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია. დოკუმენტებში განსაკუთრებით არის ხაზგასმული, რომ შარშან პეკინის მიერ დაწესებულმა საექსპორტო შეზღუდვებმა ევროპული მიწოდების ჯაჭვები დაარღვია.

ერთ-ერთ დოკუმენტში ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებენ, ვიეტნამის ლიდერის, ტო ლამის ბრიუსელში ვიზიტისთვის კონკრეტული შედეგები დაგეგმონ. ოთხი ევროპელი და ვიეტნამელი ოფიციალური პირის განცხადებით, ვიზიტი მომდევნო კვირას გაიმართება, ხოლო ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრები 22 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ვიეტნამი ამჟამად კრიტიკული ნედლეულის სფეროში ევროკავშირის 16 სტრატეგიულ პარტნიორს შორის არ არის. ორი ოფიციალური პირის ინფორმაციით, კრიტიკული მინერალები მომდევნო კვირის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.