The Telegraph: აშშ-მა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, პოლონეთის ტერიტორიაზე პროვოკაცია მოაწყოს ნატოს რეაქციის შესამოწმებლად

The Telegraph: აშშ-მა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, პოლონეთის ტერიტორიაზე პროვოკაცია მოაწყოს ნატოს რეაქციის შესამოწმებლად

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდეს, რომლის მიზანიც ნატოს რეაქციის შემოწმებაა. ინფორმაციას The Telegraph-ი პოლონურ გამოცემა Onet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, შესაძლო სამიზნეებს შორის შეიძლება იყოს პოლონეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის სარაკეტო და დრონებით შეტევები, ან რუსი სამხედროების მცირე ჯგუფების შეჭრა ნატოს ტერიტორიაზე.

წყაროების ცნობით, ვაშინგტონმა ვარშავას აღნიშნულ გეგმებთან დაკავშირებით არაერთი გაფრთხილება უკვე გადასცა.

როგორც პოლონეთში, ისე ამერიკაში წყაროები აცხადებენ, რომ აღნიშნული სცენარის მიზანი დაძაბულობის ესკალაციაა, რაც დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებამდე მიიყვანს.

როგორც უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროები აღნიშნავენ, სცენარებს შორის განიხილება დრონებით თავდასხმები ენერგოობიექტებზე, ასევე იმიტირებული საჰაერო იერიშები, რომლებიც პოლონეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურებას აიძულებს.

ერთ-ერთი პოლონური სადაზვერვო წყაროს თქმით, უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია „ჰიბრიდული შეტევა“ სასაზღვრო რეგიონში, მათ შორის რუსი ან ბელარუსი სამხედროების მონაწილეობით.

წყაროები აგრეთვე არ გამორიცხავენ, რომ შეჭრა შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც შეცდომა, მაგალითად GPS-ის გაუმართაობის გამო პოლონეთის ტერიტორიაზე შემთხვევითი გადასვლა ან „სამაშველო ოპერაცია“.

ამავე ცნობებით, რუსეთი შესაძლოა იმ ვარიანტსაც განიხილავდეს, რომ დასავლეთი სამხედრო პასუხის ნაცვლად მოლაპარაკებებისკენ აიძულოს, ხოლო უკრაინის დახმარების შეწყვეტა ამ პროცესის ერთ-ერთ მოთხოვნად გამოიყენოს.