Wealth & Finance International-მა საქართველოს საპენსიო ფონდი Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა

Wealth & Finance International-მა საქართველოს საპენსიო ფონდი Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა

საქართველოს საპენსიო ფონდმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: ბრიტანულმა ფინანსურმა გამოცემა Wealth & Finance International-მა ფონდი Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა და ჯილდო - Excellence in Pension Fund Investment Performance 2026 - Europe მიანიჭა.

Wealth & Finance International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ფინანსურ, საინვესტიციო და აქტივების მართვის ორგანიზაციებს აფასებს. Investment Excellence Awards-ის ფარგლებში გამოცემა გამოარჩევს კომპანიებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც საინვესტიციო საქმიანობაში გამორჩეულ შედეგებსა და მიდგომას აჩვენებენ.

საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ჯილდოს მინიჭებისას Wealth & Finance International-მა ხაზი გაუსვა ფონდის ძლიერ საინვესტიციო შედეგებს, პორტფელის დისციპლინირებულ მართვას, გამართულ მმართველობით ჩარჩოსა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში შეტანილ წვლილს.

„ეს ჯილდო ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და იმ დისციპლინირებული მიდგომის შედეგია, რომლითაც მონაწილეთა საპენსიო დანაზოგებს ვმართავთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა საპენსიო აქტივების დაცვა და მათი გრძელვადიანი ზრდა. შესაბამისად, თითოეულ საინვესტიციო გადაწყვეტილებას მკაფიოდ განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის, რისკის მართვის ჩარჩოსა და მაღალი სტანდარტების ფარგლებში ვიღებთ.

დღეს საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10 მილიარდ ლარს აღემატება, ხოლო საინვესტიციო საქმიანობით მიღებული ჯამური სარგებელი 3.0 მილიარდ ლარზე მეტია. ფონდის საინვესტიციო შედეგები საერთაშორისო შედარებითაც გამოირჩევა. OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია დინამიკური პორტფელი, რომლის რეალურმა ამონაგებმა 10.8% შეადგინა და ამ მაჩვენებლით მე-4 ადგილი დაიკავა.

ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რადგან ეს წარმატება მათი პროფესიონალიზმისა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგია“, - განაცხადა ანა ნაჭყებიამ, საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ინფორმაციისთვის, Wealth & Finance International ბრიტანული ფინანსური გამოცემაა, რომელიც საინვესტიციო, ფინანსურ და აქტივების მართვის სექტორებს აშუქებს. Investment Excellence Awards ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსურ ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს და მათ საინვესტიციო საქმიანობისა და მიღწევების მიხედვით გამოარჩევს.

ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.