10 ივლისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს სამი ვაგონი დაემატება
10 ივლისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს კიდევ სამი ვაგონი დაემატება.
აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, ვაგონების დამატების შედეგად, თითოეულ რეისზე დამატებით 104 სამგზავრო ადგილი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო თითოეულ რეისზე სამგზავრო ადგილების რაოდენობა დაახლოებით 60 პროცენტით გაიზრდება ამჟამინდელი 178-დან 282-მდე.
დამატებითი ვაგონების ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო.
„შტადლერის“ ტიპის ვაგონებთან შედარებით, მარშრუტზე დამატებული „სტანდარტ+“ ტიპის საძილე ვაგონების უფასო ბარგის დასაშვები ნორმა 36 კგ-ით განისაზღვრა, ამ ვაგონების ტექნიკური მახასიათებლებისა და სტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე 25 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით, დაახლოებით 25 ათასი ბილეთი გაიყიდა. აქედან, მატარებელში 6 356 ადამიანი ავიდა თბილისიდან, 4 343 – ბაქოდან, 1 112 – განჯიდან, 808 – ევლახიდან, 520 – აღსტაფადან და სხვა სადგურებიდან. ეს მიუთითებს, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით მგზავრთა დაახლოებით 40 პროცენტი რეგიონებზე მოდის.