უნგრეთის პარლამენტში შეიტანეს კანონი, რომელიც სოციალისტური პერიოდის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის აგენტების დოსიეების გასაჯაროების ითვალისწინებს

უნგრეთის პარლამენტში შეიტანეს კანონი, რომელიც სოციალისტური პერიოდის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის აგენტების დოსიეების გასაჯაროების ითვალისწინებს

უნგრეთის პარლამენტში შეიტანეს კანონი, რომელიც სოციალისტური პერიოდის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის აგენტების დოსიეების გასაჯაროების ითვალისწინებს. დოსიეების გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბალინტ რუფს დაევალა.

უნგრეთის ახალმა მთავრობამ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეიტანა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

„ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ აგენტების დოსიეების გახსნის შესახებ კანონპროექტი. ეს ვალდებულება საკუთარ თავზე ავიღეთ და ახლა ვასრულებთ. ამით ათწლეულების განმავლობაში დაგროვებულ ვალს ვიხდით“, – დაწერა მადიარმა სოციალურ ქსელში.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მადიარმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობა გაასაჯაროებს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს აგენტების დოსიეებს და აღარ გამოიყენებს იმ შენობას, რომელსაც ეს უწყება და უნგრეთის სოციალისტური მუშათა პარტია 1956-1989 წლებში იყენებდნენ.

მისი თქმით, ეს აუცილებელია იმის გასაგებად, „როგორ გაძარცვეს ქვეყანა 1990 წელს და როგორ ჩამოყალიბდა პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა, რომელიც მას შემდეგ უნგრეთში დომინირებს“.

დოსიეების გახსნის მომზადება დაევალა პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

პარტია „ტისა“ პარლამენტში ხმების ორ მესამედზე მეტს ფლობს, ამიტომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება პრაქტიკულად გარანტირებულია.

უნგრეთში, განსხვავებით ყოფილი სოციალისტური ბლოკის მრავალი სხვა ქვეყნისგან და ბალტიის სახელმწიფოებისგან, 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების შემდეგ ლუსტრაცია არ განხორციელებულა. ლუსტრაცია გულისხმობს ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო თანამდებობების დაკავებისა და გარკვეულ სფეროებში საქმიანობის შეზღუდვას.