სერგეი ლავროვი – რუსეთი უკრაინის საკითხზე ულტიმატუმებს არ მიიღებს

სერგეი ლავროვი – რუსეთი უკრაინის საკითხზე ულტიმატუმებს არ მიიღებს

რუსეთი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით არანაირ ულტიმატუმს არ მიიღებს, – ამის შესახებ გაცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.

„რუსეთისთვის ეს საკითხი პრინციპული მნიშვნელობისაა და ჩვენ არ ვაპირებთ მისი გაცვლას რაიმე დროებით ან შუალედურ გადაწყვეტილებებზე, მით უმეტეს, არ მივიღებთ ვინმეს მიერ ნაკარნახევ ულტიმატუმებს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი კვლავ ერთგული რჩება იმ შეთანხმებებისა და ურთიერთგაგებისა, რომლებიც მიღწეული იყო ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპს შორის 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ამ შეთანხმებებისადმი ერთგულებას. მათი ავტორი, ფაქტობრივად, ამერიკული მხარე იყო, ხოლო პრეზიდენტმა პუტინმა მხოლოდ თანხმობა განაცხადა ჩვენთვის შეთავაზებულ წინადადებებზე მას შემდეგ, რაც ისინი საფუძვლიანად შეისწავლა“,- თქვა ლავროვმა.

ცნობისთვის, ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილა და ურჩია ვოლოდიმირ ზელენსკის დათანხმებოდა შეთანხმებას, რომლის პირობებიც საჯაროდ არ გამჟღავნებულა.

დღესვე ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება კვლავ შესაძლებელია.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის გარშემო არსებული ვითარების პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით დარეგულირება ჯერ კიდევ სავსებით შესაძლებელია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს სურს გაიგოს, რა შეიცვალა აშშ-ის პოზიციაში საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ.

„უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა მოხდა ევიანში. ამერიკელებს ჯერ არ უთქვამთ ჩვენთვის რა წაიღეს სამიტიდან ან რა იქნება მომავალი მოქმედებების გეზი“, – განაცხადა ლავროვმა.