ნინო წილოსანი: ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გარეშე მსჯელობენ ევროკავშირის გაფართოებაზე, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყოდი. როგორც ჩანს, არანაირი გაფართოებას არ აპირებენ. ეს დებატები, რეზოლუცია, რომელიც ახლა უნდა მიუღონ, არის სადამსჯელო ღონისძიება საქართველოს წინააღმდეგ. რისთვის გვსჯიან, ალბათ ეს ყველასთვის ნათელია
„ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გარეშე მსჯელობენ ევროკავშირის გაფართოებაზე, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყოდი. როგორც ჩანს, არანაირი გაფართოებას არ აპირებენ. ეს მსჯელობა, დებატები, რეზოლუცია, რომელიც ახლა უნდა მიუღონ, წინა რეზოლუციები, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუციების ფარგლებში მიიღებოდა არის სადამსჯელო ღონისძიება საქართველოს წინააღმდეგ. რისთვის გვსჯიან, ალბათ ეს ყველასთვის ნათელია“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, სადამსჯელო ღონისძიების მიზეზი არის ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ შეასრულა ევრობიუროკრატების გეგმა, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას უკავშირდებოდა.
„კიდევ უფრო ამყარებს ამ ყველაფერს ის თუ ვისი მხრიდან არის პროვოცირებული. დღეს გაიმართა დებატები, სადაც იყო ისეთ არარსებულ რეალობაზე საუბარი, რომელსაც რომ უყურებს ქართველი მაყურებელი, ალბათ ფიქრობს უნდა თუ არა ისეთ უსამართლო რეალობაში, რომელსაც ახლა ევრობიუროკრატები ქმნიან.
ეს არის წარმოუდგენელი ანტი სტანდარტის დაწესება, როდესაც შეგიძლია ქვეყანაზე ისაუბრო სრულიად არარსებული რეალობა, ტყუილები და ამ ყველაფრის ფონზე დიდი რიტორიკით გამოხვიდე და მიიღო რეზოლუცია. ამ რეზოლუციების ძირითადი ინიციატორები, ცვლილებების შემტანები არიან ძირითადად უკრაინის დელეგაცია და არა მხოლოდ, ბალტიისპირა ქვეყნების წარმომადგენლები, იმ ქვეყნების და ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული საქართველოს ომის დღის წესრიგში ჩართულობით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ევროპარლამენტში, გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მიწვეული არ არის საქართველო. ევროდეპუტატთა ნაწილი გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირის მიდგომებს აკრიტიკებს. ითქვა ევროკავშირის სანდოობის პრობლემაზეც და კანდიდატი ქვეყნების მიმართ არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე.
გარდა ამისა, ევროსაბჭოში, საქართველოზე დებატები დღის მეორე ნახევარში დაიწყება. დღესვე მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც იმეორებს იმ ჩანაწერებს, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის მიმართ მიიღება.