არჩილ გორდულაძე: გახარია პოლიტიკური ავადობის სიმპტომია და ეს "სახადი" კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან" ერთად, ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოიშოროს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს მოუსმინეს, ფრაქცია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებს მიმართა და 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
"თვითონ გიორგი გახარია მანამდე რომ ყელყელაობდა, ეთერ-ეთერ დადიოდა და და საუბრობდა, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ყველა გადადგმულ ნაბიჯზე, ყველა სამართალდარღვევაზე, ყველა გადაცდომაზე, ყველა დანაშაულზე ის იყო სრულად პასუხისმგებელი, გამოძიების წინაშე როგორც კი წარდგა, პირდაპირ დაიწყო დასახელება და გადაბრალება, რომ კონკრეტულმა პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული და მე არაფერ შუაში არ ვარო. მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გაცემის კონტექსტში. არა თუ გაამართლა სტრასბურგის სასამართლომ გიორგი გახარია, პირიქით, დარღვევა დაადგინა, რომ არ არის გამოძიებული მისი დანაშაულებრივი ქმედებები რამდენად იყო 20 ივნისის საქმეში. თავი დაანებეთ თქვენი ბელადის "გაპრავებას." ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ სხვა არაფერია თქვენი უბადრუკი მცდელობები.
გახარია სიმპტომია პოლიტიკური ავადობისა და ეს "სახადი" კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან" ერთად, ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოიშოროს და მოიშორებს კიდეც," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა დასრულდა. გიორგი გვარაკიძემ დეპუტატებს უწყების საქმიანობის ვრცელი ანგარიში გააცნო. გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არსებული გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. ნარკოპოლიტიკას, ტერორიზმსა და პირადი ცხოვრების ხელყოფას. დარბაზში დაისვა კითხვები. გიორგი გვარაკიძის მოსმენა კი ფრაქციების შემაჯამებელი გამოსვლებით დასრულდა.