ირაკლი შატაკიშვილი ხატია დეკანოიძეზე: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, კიდევ ერთხელ აჩვენა რადიკალური ოპოზიციური ე.წ. პარტიების ანტიკონსტიტუციური ბუნება
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, კიდევ ერთხელ აჩვენა რადიკალური ოპოზიციური ე.წ. პარტიების ანტიკონსტიტუციური ბუნება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ხატია დეკანოიძე სავარაუდოდ, განაწყენებულია იმის გამო, რომ მას სასამართლოს დარბაზი დაატოვებინეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, კიდევ ერთხელ, აჩვენა რადიკალური ოპოზიციური ე.წ. პარტიების ანტიკონსტიტუციური ბუნება. ამას სასამართლოს გარედან ეხმარებიან მათი თანამოაზრეები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას ყოველდღიურად ბოდიშს უხდიდნენ, დგანან და ახლა ზეწოლას ახდენენ და აშანტაჟებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და პირდაპირ ერევიან სასამართლო ხელისუფლების სუვერენიტეტში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია.
რაც შეეხება ბრიფინგის ავტორს, ალბათ განაწყენებულია იმის გამო, რომ სასამართლო დარბაზი მან პოლიტიკურ სივრცედ მიიჩნია, არ დაემორჩილა სასამართლოს მითითებებს და დაატოვებინეს დარბაზი", - განაცხადა შატაკიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თავხედები და ქედმაღლები უწოდა.



