ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, თუ ამის შესაძლებლობა იქნება

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, თუ ამის შესაძლებლობა იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას გამართავდა, თუ ამის შესაძლებლობა იქნება. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

ორი ლიდერის შეხვედრა ხუთშაბათს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად, სამმხრივ ფორმატშია დაგეგმილი. ამ დროისთვის ტრამპისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა ოფიციალურად ჩანიშნული არ არის, თუმცა კრემლში განაცხადეს, რომ ორი პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირაც შეხვდება, იუწყება NBC News-ი.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ტრამპი სი ძინპინთან ცალკე შეხვედრასაც გამართავს. კითხვაზე, აპირებს თუ არა ტაივანის საკითხის წამოჭრას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ამის წამოჭრა არ მომიწევს“, - და სი ძინპინზე მიუთითა. „ის თავად წამოჭრის ამ საკითხს“.

ტაივანი თვითმმართველი კუნძულია, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ეს საკითხი სი ძინპინისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ჩინეთის ლიდერი არაერთხელ გამოსულა „გაერთიანების“ მოწოდებით. თავის მხრივ, აშშ ტაივანის დაცვის საკითხზე „სტრატეგიული ორაზროვნების“ პოლიტიკას ატარებს, რაც გულისხმობს, რომ ვაშინგტონი წინასწარ არ აკონკრეტებს, ჩაერევა თუ არა სამხედრო გზით იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი კუნძულს თავს დაესხმება.

ტრამპმა ასევე უპასუხა შეკითხვას CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი შესაძლოა ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური ბომბის“ ან ქიმიური იარაღის აფეთქებას გეგმავდეს.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა ვაშინგტონს უშუალო საფრთხე, ტრამპმა განაცხადა: „თუ ასეთი საფრთხე არსებობს, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც არცერთ ქვეყანას არასდროს გადაუხდია“.

„იმედი მაქვს, ასე არ არის, თუმცა ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ისინი გიჟები არიან. სწორედ ამიტომ არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, თუკი ვინმეს ამასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა“, - განაცხადა ტრამპმა.