ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც პუტინმა სამიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრისგან „დიდ პოტენციურ სარგებელს“ ელოდება.
პუტინის თქმით, გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციისა და სამხედრო-პოლიტიკური რისკების ფონზე იზოლაციის ნაცვლად პარტნიორობაა საჭირო. მისი შეფასებით, APEC-ი მონაწილეებს შორის კონსტრუქციული აზრთა გაცვლის შესაძლებლობას ქმნის.
„ამიტომ დიდ პოტენციურ სარგებელს ველოდები რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების მოახლოებული სამმხრივი შეხვედრისგან, რომელიც APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება“, - განაცხადა პუტინმა.
როგორც სააგენტო წერს, რუსეთის პრეზიდენტი ტრამპსა და სი ძინპინთან მოლაპარაკებებს ხუთშაბათს გამართავს.
მანამდე პუტინმა ჩინეთის ლიდერთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვისა და პეკინის საგარეო-პოლიტიკური პარტნიორობა საერთაშორისო ასპარეზზე „სტაბილურად და პოზიტიურად“ ვითარდება.
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გასაღრმავებლად და „მრავალპოლარული სამყაროსკენ ტენდენციის წარმართვისა და წინსვლისთვის“.
ჩინეთის ლიდერის განცხადებით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა სხვადასხვა სირთულის მიუხედავად სიმტკიცე შეინარჩუნა.



