გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს გუნდი იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერებს და მერების მოადგილეებს შეხვდნენ
გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს გუნდი შეხვდნენ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერებს და მერების მოადგილეებს. შეხვედრა მიეძღვნა განვითარების პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის გაძლიერებას.
შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები გააერთიანა ადგილობრივი შესაძლებლობებისა და გამოწვევების განსახილველად, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი დოკუმენტის (2026–2030) ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტების განსასაზღვრად.
UNDP-ის, UNFPA-ის, UNICEF-ის, FAO-ს, IOM-ისა და UN Women-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს გაეროს ერთობლივი მხარდაჭერა და შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზაციის, ინკლუზიური მმართველობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მთავარ პრიორიტეტებად დაასახელეს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და კატასტროფების რისკის შემცირება, მდგრადი ტურიზმი, ეკონომიკური განვითარება, სოფლის მეურნეობა, მიგრაციის მართვა, საჯარო სერვისების დიჯიტალიზაცია, ახალგაზრდების ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, სოციალური ინკლუზია, ასევე ბავშვების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების გაუმჯობესება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც ერთგულია ადგილობრივ საჭიროებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერის, რათა ხელი შეუწყოს უფრო ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შექმნას.