პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონეთის საჰაერო სივრცე ორმა რაკეტამ და ერთმა დრონმა დაარღვია

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონეთის საჰაერო სივრცე ორმა რაკეტამ და ერთმა დრონმა დაარღვია

პოლონეთის ვიცე-პრემიერის, თავდაცვის მინისტრის ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, დღეს ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა Х-101 ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ, კიდევ ერთმა რაკეტამ და რეაქტიულმა დრონმა დაარღვია.

მინისტრის თქმით, ინციდენტები რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას უკავშირდება, რომლის დროსაც პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა.

„ეს იყო Х-101 ტიპის რაკეტა, რომელმაც პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მეორე შემთხვევაშიც შეიძლება რაკეტაზე ვისაუბროთ, მესამე შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, რეაქტიულ დრონზე“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.

მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ჰაერში მორიგეობდნენ პოლონეთისა და მოკავშირე ქვეყნების F-16 ტიპის გამანადგურებლები, ასევე შვედური Gripen-ები. პილოტების განკარგულებაში იყო ნიდერლანდების საჰაერო ძალების საწვავით გასამართი თვითმფრინავიც.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამოქმედდა Saab-ის ადრეული აღმოჩენისა და საჰაერო დაზვერვის თვითმფრინავიც, რომელიც კარპატისა და ლუბლინის რეგიონებში ოპერირებდა.

მინისტრის ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტების შედეგად პოლონეთის ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ შეტყობინებაც არ მიუღიათ. ეს ინფორმაცია, მისი თქმით, პოლიციის მთავარ კომენდანტთან გადაამოწმეს.