Reuters: დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ურთიერთობების გადატვირთვაზე შეთანხმდნენ - მხარეები სურსათით ვაჭრობასა და ახალგაზრდების მობილობას ამარტივებენ

Reuters: დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ურთიერთობების გადატვირთვაზე შეთანხმდნენ - მხარეები სურსათით ვაჭრობასა და ახალგაზრდების მობილობას ამარტივებენ

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი სურსათით ვაჭრობის გამარტივებისა და ახალგაზრდებისთვის სამუშაოსა და სწავლის შესაძლებლობების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შესაბამის შეთანხმებებს მხარეებმა დღეს გამართულ სამიტზე მიაღწიეს, რაც მათ შორის ურთიერთობების გადატვირთვისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხებზე უფრო ფართო მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი გახდა.

როგორც სააგენტო წერს, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირა, ათი წელი გავიდა. ამ პერიოდში მხარეებს შორის დაპირისპირება შესუსტდა და ორივე მხარემ აღიარა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო წესრიგს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი, აშშ-ის ტარიფები, კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებში ჩინეთის დომინირება და ირანის ომი ცვლის.

„დიდ ბრიტანეთსა და ევროპას საერთო ღირებულებები, ინტერესები და საერთო გეოგრაფიული სივრცე აქვთ“, - განაცხადა სამიტის დაწყებამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა. მისი თქმით, მიღწეული შეთანხმებები ხარჯების შემცირებას, ფასების შენარჩუნებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.

„უფრო სახიფათო მსოფლიოში ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - აღნიშნა ბერნემმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასრულებულია და მხარეები შეთანხმდნენ სურსათით ვაჭრობის კონტროლის გამარტივებაზე, ახალგაზრდების მობილობასა და ემისიებით ვაჭრობის სისტემების დაკავშირებაზე. სხვა საკითხებზე, მათ შორის უნივერსიტეტებში სწავლის საფასურზე, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ბერნემმა, რომელსაც ევროკავშირთან ურთიერთობების მომავლის სხვადასხვა ვარიანტის, მათ შორის გაერთიანებაში ხელახლა გაწევრიანების განხილვისკენ არაერთხელ მოუწოდებია, განაცხადა, რომ „აშკარა ჭეშმარიტებაა“ - Brexit-ის შედეგად დიდმა ბრიტანეთმა იმაზე მეტი დაკარგა, ვიდრე მოიგო.

სამიტი, რომელიც თავდაპირველად ივლისში უნდა გამართულიყო, ბერნემის წინამორბედის კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ გადაიდო. შეხვედრაზე მხარეებმა Brexit-ის შედეგად წარმოქმნილი დანაკარგების ნაწილის შემცირება შეთანხმებების პაკეტით სცადეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება ცხოველებით, მცენარეებითა და მათგან წარმოებული პროდუქტებით, მათ შორის ძეხვეულითა და თესლებით, საზღვრის გადაკვეთისას ვაჭრობის გამარტივებას ითვალისწინებს. ახალი წესების ამოქმედების შემდეგ აღარ იქნება საჭირო ის სერტიფიკატები და კონტროლის პროცედურები, რომლებიც ამჟამად მოქმედებს. ბრიტანეთის შეფასებით, ამ ცვლილებამ შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად 5,1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი (6,7 მილიარდი დოლარი) შემატოს.

კიდევ ერთი შეთანხმება დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემების დაკავშირებას ითვალისწინებს. შედეგად, ბრიტანული და ევროპული პროდუქცია, მათ შორის ფოლადი, მხარეების მიერ დაწესებული ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადებისგან გათავისუფლდება.