გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პუტინთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის - „მოსკოვში მიწვევაზე უარის თქმა სრულიად არასწორი სიგნალი იქნებოდა“
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მზადყოფნას გამოთქვამს, მიიღოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეთავაზება უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.
„მოსკოვში მიწვევაზე უარის თქმა სრულიად არასწორი სიგნალი იქნებოდა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ. საბოლოო ჯამში, შედეგების მიღწევა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც დიალოგს აწარმოებს“, - განაცხადა პისტორიუსმა ვარშავაში ვიზიტისას.
პისტორიუსის თქმით, ამ საკითხში მთავარი სიტყვა პუტინს ეკუთვნის, რომელიც მოლაპარაკებების შეთავაზებამდე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა.
„თუ ის ახლა პირველ სიგნალებს აგზავნის და ევროპელებს მოსკოვში იწვევს, ეს ყველა თვალსაზრისით მისასალმებელია“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
თუმცა, მისივე თქმით, საბოლოოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა განცხადებებსა და მოწვევებს, არამედ კონკრეტულ შედეგებს ექნება. მათ შორისაა ცეცხლის შეწყვეტა.
მინისტრის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ნება აშკარად უნდა გამოჩნდეს. დაუშვებელია, რომ მოლაპარაკებები განზრახ გაჭიანურდეს და შესაძლოა, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდეს, მაშინ როდესაც უკრაინაში ადამიანები კვლავ იღუპებიან.
„თუ მოლაპარაკებები გაიმართება, ცხადი უნდა იყოს, რომ მათ ცეცხლის შეწყვეტაც მოჰყვება. არ შეიძლება, ერთდროულად ისროდე და ამტკიცებდე, თითქოს სადღაც მოლაპარაკება გსურს. თუმცა, იმის გასარკვევად, რამდენად რეალურია ეს, ერთმანეთთან საუბარი აუცილებელია“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მისივე თქმით, ბოლო წლების გამოცდილება, სამწუხაროდ, აჩვენებს, რომ პუტინის არცერთი განცხადება თუ მინიშნება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე რეალურად არ ასახულა.
მინისტრის განცხადებით, ახლა საჭიროა მოვლენების განვითარებას დაელოდონ და მოლაპარაკებები გამართონ, თუმცა საკითხის კიდევ უფრო გაჭიანურება აღარ უნდა დაუშვან.



