ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა
25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე „არმიჰოლში“ მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს ჰყავს მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და ძლიერი სერჟანტთა კორპუსი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და საზოგადოების მაღალი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს.
„წლების განმავლობაში, თავდაცვის ძალების განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად ყალიბდებოდა და ძლიერდებოდა სერჟანტთა კორპუსიც. თანმიმდევრულმა რეფორმებმა, განათლებაზე ორიენტირებულმა მიდგომამ და თითოეული სერჟანტის თავდადებულმა შრომამ შექმნა ის ძლიერი ინსტიტუტი, რომელსაც ენდობიან, რომლის აზრს ითვალისწინებენ და რომელიც მოტივაციას უმაღლებს ჩვენს სამხედროებს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა.
ღონისძიება წარმატებული სერჟანტების დაჯილდოებით დასრულდა. მათ უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.