აინარს ბაგაცკისი – საქართველოს ნაკრებთან უპირატესობას სწრაფი თამაშით მოვიპოვებთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორ მატჩს გამართავს. 2 ივლისს 19:30 საათზე უკრაინასთან ლატვიაში ითამაშებს, 5 ივლისს 19:30-ზე თბილისში – ესპანეთთან. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველო ლატვიაში ემზადება, ისევე როგორც უკრაინის ნაკრები. მისმა მთავარმა მწვრთნელმა ჩვენს გუნდზე ილაპარაკა: „ვემზადებით არა საქართველოსთან, არამედ ქართველ კალათბურთელებთან სათამაშოდ. საქართველოს რიდი, შენგელია და ბითაძე ჰყავს და უნდა ვიცოდეთ, მათ წინააღმდეგ რა მოვიმოქმედოთ. ცხადია, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლიეტუველების ვარსკვლავების – ვალანჩუნასის და ბუზელისის წინააღმდეგ თამაში. მათთან სპარინგი ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს, რომ საქართველოსთან მატჩს შევხვდეთ ფორმაში.
პირველ მატჩში ქართველებთან სწრაფი კალათბურთი ვითამაშეთ და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ კიდეც. ამჯერადაც იგივე უნდა გავაკეთოთ – სწრაფად ვითამაშოთ და მათ არ მივცეთ მაღალ ტემპში თამაშის უფლება“.