აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მმართველი დირექტორი: ფოთის პორტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტია, ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს კერძო სექტორი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისა თუ რეგიონული დაკავშირებადობისთვის, ეს პროექტი აგრძელებს არაჩვეულებრივ ისტორიას, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას
ფოთის პორტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქვეყნის პროგრესისა და წინსვლის სიმბოლოდ გვევლინება, - განაცხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველმა დირექტორმა კენეტ ენჯელმა, ფოთის ახალი ნავსადგურის მშენებლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, პორტმა არსებითი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციაში, ასევე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სავაჭრო მომსახურებაში.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები საქართველოში, შავი ზღვის ამ ულამაზეს სანაპიროზე, რათა თქვენთან ერთად აღვნიშნო ფოთის ახალი საზღვაო პორტის განვითარების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ფოთის პორტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქვეყნის პროგრესისა და წინსვლის სიმბოლოდ გვევლინება. 2022 წელს ამ მოდერნიზებული პორტის გახსნის დღიდან მან არსებითი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციასა და ევროპასა თუ ცენტრალურ აზიას შორის მზარდ სავაჭრო მომსახურებაში. დღეს კი, როდესაც ტრანსკასპიური დერეფნის მასშტაბით ვაჭრობა მუდმივად იზრდება, ჩვენ საფუძველს ვუყრით პორტის შემდგომ გაფართოებას. ეს პროექტი იძლევა შესაძლებლობას, ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებსა და გლობალურ მოთხოვნებს. ფოთის პორტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ბევრად უფრო დიდი ზომის გემები, გაატაროს მნიშვნელოვნად მეტი ტვირთი და სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, - განაცხადა კენეტ ენჯელმა.
მისი თქმით, ეს პროექტი არის მაგალითი, თუ რა როლს თამაშობს კერძო სექტორი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისა თუ რეგიონული დაკავშირებადობისთვის.
„DFC არის აშშ-ის მთავრობის საინვესტიციო ერთეული. ის უზრუნველყოფს გლობალური მიწოდების ჯაჭვს, მუშაობს პირდაპირ კერძო სექტორთან გრძელვადიანი ინვესტირების ფარგლებში. პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა, რადგან ეს მყარი ეკონომიკის საფუძველია. DFC არის ხანგრძლივი პარტნიორი ფოთის პორტისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ ფოთის პორტის განვითარებაში. ეს გაფართოება მნიშვნელოვნად შეცვლის თამაშის წესებს. ტვირთბრუნვას დაახლოებით ერთი მილიონი ტონა დაემატება და ტრანსკასპიურ დერეფანს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. DFC-სთვის ძალიან კარგი პარტნიორია ფოთის პორტი, რომელმაც ღირსეულად შეასრულა ყველა ნაბიჯი მისი განვითარებისთვის. ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს კერძო სექტორი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისა თუ რეგიონული დაკავშირებადობისთვის. ეს პროექტი აგრძელებს არაჩვეულებრივ ისტორიას, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. მე საქართველოში პირველად 25 წლის წინ ჩამოვედი. ვნახე არაჩვეულებრივი ქვეყანა, ძალიან დიდი პოტენციალით, რომელსაც სჭირდებოდა თანამედროვე ინფრასტრუქტურაში ინვესტირება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე საქართველოში ვნახე ოპტიმიზმი და სურვილი ქვეყნის განვითარებისთვის. ქართველი ხალხის სულისკვეთება, ისევე, როგორც მისი ცოცხალი კერძო სექტორი, შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყანას, მიაღწიოს ძალიან ბევრს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, წლების განმავლობაში ვმუშაობდე აშშ-ის მთავრობის სახელით. დღეს DFC-ს და აშშ-ის მთავრობის სახელით მინდა გულითადად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა“, - განაცხადა კენეტ ენჯელმა.